Saturday, 8 July 2017

უცნობი გმირები ოსიაურის ბრძოლის ველიდან - 19 წლის ჯარისკაცი და მოწყალების და

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში დაღუპული გვარდიელები
ოსიაურის ბრძოლის მონაწილე ჯარისკაცის ილიკო რამიშვილის მოგონებების ერთი ეპიზოდი ბრძოლის ველიდან : ,,აქ მინდა მოვიყვანო ოსიაურის ბრძოლის ერთი ეპიზოდი. დილაადრიანად ცენტრალური ფრონტის ჯარებით გავედით ფრონტის ხაზის დასაკავებლად. მივადექით ტყეს, რომელიც გადაჭიმული იყო რკინისგზის ხაზიდან მდინარე მტკვრამდე. ჩვენ გავჩერდით ამ ტყესთან.
ამ დროს გამოჩნდა ცხენზე შემჯდარი ცენტრალური ფრონტის ხელმძღვანელი გენერალი მაზნიაშვილი. ის უკმაყოფილო დარჩა ჩვენ მიერ დაკავებული პოზიციით. გასცა განკარგულება ავყრილიყავით, გაგვევლო ტყე და დაგვეკავებია ფრონტის ხაზი ისე, რომ ტყე ჩვენ უკან მოქცეულიყო. ჩვენც ასე მოვიქეცით.
გავიშალეთ ერთი-მეორედან დაშორებით 15-20 ფეხის ნაბიჯზე და დავწექით თოვლიან მიწაზე.
იმ დღეს ჩვენს ფრონტს არ ქონდა დავალებული აქტიური მოქმედება. ჩვენ უნდა ჩავბმულიყავით ბრძოლაში იმ შემთხვევაში თუ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე ამ მიმართულებით.
ჩემს მარჯნივ იწვა, ყმაწვილი იქნებოდა 19-20 წლის, შავ ბუშლათაში გამოწყობილი.
დილიდანვე გაჩაღდა საარტელერიო დუელი ორივე ფრონტებს შორის.
მტრის ყუმბარები სკდებოდნენ, ხან ჩვენს უკან, ხან ჩვენს წინ და ზიანს არ გვაყენებდენ.
უცბად ერთი ყუმბარა სულ ახლოს გასკდა.
როდესაც ზუზუნი და ხმაური შეწყდა მე ავწიე თავი და გავიხედე მარჯვნივ.
ჩემ მეზობელს არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა მაგრამ რაღაცნაირად ჩაიფუყა და თავი ჰქონდა ჩარგული თოვლში.
ამ დროს ფრონტის ხაზის გასწვრივ გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონა - მოწყალების და. ის მიდიოდა ყველა ჯარისკაცთან და ეკითხებოდა - როგორ ხარ? როდესაც ჩემთან მოვიდა, მე ვუპასუხე რომ მე კარგად ვარ მაგრამ აი იმ ყმაწვილს მიხედე-მეთქი.
მან გადაირბინა მასთან, აუწია თავი და ჩაიქნია ხელი.
ყუმბარის ნატეხი თავში ჰქონდა მოხვედრილი და ჩაემტვრია თავის ქალა. ამიტომ იყო, რომ არც განძრეულა და არც ხმა ამოუღია. ვერც ის გოგონა ვერ გავიგე ვინ იყო, ვინც ასე თავგანწირვით იცავდა სამშობლოს დამცველებს.
რამდენი ვინანე მერმედ, ჩემ ცხოვრებაში, რომ არ გავიგე იმ ჯარისკაცის გვარი და სახელი, რომელმაც ასე უსიტყვოდ შესწირა თავი საქართველოს.
და აგრეთვე იმ გოგონასი, რომელიც საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ასე თამამად და გაბედულად უვლიდა ფრონტის ხაზსს და უჩენდა დახმარებას დაჭრილებს."



2 comments:

  1. სწორედ ამ გმირების დამსახურებაა დღევანდელი საქართველო <3

    ReplyDelete
  2. სწორედ მათ განწირვას უნდა ვუმადლოდეთ ყველაფერს

    ReplyDelete