საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია 1920 წლის 26 მაისიდან ამავე წლის 5 დეკემბრამდე გამოსცემდა ყოველკვირეულ ჟურნალ ,,მხედარს." გამოცემას რედაქტორობდა ნიკო კურდღელაშვილი, ჟურნალი უფასოდ რიგდებოდა ჯარის ნაწილებში, ხოლო გასაყიდი ფასი თავიდან შეადგენდა 10 მანეთს, ბოლოს კი ფასი 25 მანეთზე ავიდა. სულ დაიბეჭდა 27 ნომერი. ჟურნალში იბეჭდებოდა მთავრობისა და სამხედრო სამინისტროს
ოფიციალური ბრძანებები; სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები; ინფორმაციები ომში დაღუპული სამხედროების შესახებ;
მხატვრული ნაწარმოებები, ჯარისკაცთა შემოქმედება, მათ შორის პოეტ ტერენტი გრანელის ლექსები, რომელიც იმ პერიოდში რეგულარულ არმიაში გადიოდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურს. გარდა სტატიებისა და ლექსებისა, ფოტოებისა, ძალიან საინტერესოა ჟურნალში დაბეჭდილი ჩანახატები - პირველი რესპუბლიკის ჯარის ცხოვრებიდან: ქვეითების გადასვლა შეტევაზე, საგუშაგოზე ჩაძინებული ჯარისკაცი, დეზერტირები, რადიოსადგურზე მომუშავე ოფიცერი, სამხედროთა პორტრეტები და ა.შ
ჟურნალის მეხუთე ნომერში დაიბეჭდა მხატვარ კ.ქავთარაძის სამი ჩანახატი, რომელიც ასახავს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლის პერიოდს 1920 წლის მაისში, როდესაც აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ რუსულმა არმიამ საქართველოს დაპყრობაც სცადა.
ნახ.1 ქვეითი ჯარის გადასვა შეტევაზე |
ნახ.2 საველე ბანაკი ფრონტზე |
ნახ.3 მოხსენების ჩაბარება რაზმის უფროსს
ჟურნალის მე-17 და მე-19 ნომერში დაბეჭდილია კაპიტან შავიშვილის სამი ნახატი, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იყენებდნენ თავისუფალ დროს ყაზარმაში მყოფი ჯარისკაცები. ისინი კითხულობენ, წერენ, მღერიან და ასე შემდეგ. თუმცა ეს რეალობაზე, უფრო მეტად კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის სურვილი იყო და ამ ნახატებში სინამდვილეზე მეტად სურვილია წარმოჩენილი.
ნახ.4 ჯარისკაცები კითხვაში ატარებენ თავისუფალ დროს
ნახ.5 ყაზარმაში ბაფთიანი გიტარაც აქვთ
ნახ.6 ყაზარმაში თავისუფალ დროს
უდისციპლინობა და დეზერტირობა პირველი რესპუბლიკის არმიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო , ამიტომ ჟურნალი ვერ აცდა ამ ტიპის ჩანახატების გამოქვეყნებას სამარცხვინო ფურცლის სახით. მაგალითად ჯარისკაცი, რომელისაც საგუშაგოზე ჩასძინებია , მაგრამ პირველ ჯერზე მის სახელს არ ასახელებენ და დეზერტირები კი უკვე სახელისა და გვარის დასახელებით.
ნახ.7 საგუშაგოზე ჩაძინებული ჯარისკაცი
ნახ.8 სამარცხვინო ფურცელზე გამოკრული დეზერტირები ალექსანდრე მგელძე და ლეონ აბრამიანცი
ნახ.9 კიდევ ერთი დეზერტირი ვანო სამნიაშვილი
კაპიტანმა შავიშვილმა არც საინჟინრო-ტექნიკური ჯარის რადიო-ტელეგრაფის ასეულის ოფიცერს დასწყვიტა გული და რადიოსადგურზე მორიგეობისას ისიც დახატა.
ნახ.10 ოფიცერი რადიოსადგურზე მუშაობისას
ჟურნალის სხვადასხვა ნომერში გენერლების, ოფიცრებისა და რიგითი ჯარისკაცებისა და გვარდიელების ფოტოებთან ერთად გვხდება მათი პორტრეტული ჩანახატებიც.
ნახ.11 სამხედრო მინისტრის მოადგილე გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი |
ნახ.12 ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრის მოადგილე გენერალი ზაქარია მდივანი |
ნახ.13 საწრთვნელი ფრენისას დაღუპული მფრინავი ნიკოლოზ მაყაშვილი |
ნახ.15 სომხეთთან ომში დაღუპული პორუჩიკი ციციშვილი
ნახ.16.17.18 - ვაკეში გამართულ ჯირითში პირველი პრიზის მიმღები ოფიცრები: შტაბ-რიტმისტრი მიქელაძე; როტმისტრი შენგელია და პორუჩიკი დადიანი
1920 წლის ივლისში, როდესაც ბრიტანელებმა დატოვეს ბათუმის ოლქი , სანამ ბათუმს ქართულ ჯარს გადასცემდნენ მათ თითქმის სრულად გაანადგურეს ფორტებზე განთავსებული საარტილერიო დანადგარები.
ჟურნალ მხედარში დაიბეჭდა კ. ქუთათელაძის მიერ შესრულებული ჩანახატები აფეთქებული ქვემეხებისა.
ნახ.19 ბრიტანელების მიერ აფეთქებული ქვემეხი |
ნახ.20 ბრიტანელების მიერ ბარცხანის ფორტზე აფეთქებული მძიმე ქვემეხი
ჩემი აზრით პირველი რესპუბლიკის სამხედრო პრესა საკმაოდ საინტერესო წყაროა იმ პერიოდის შეირაღებული ძალების და მასში არსებული განწყობების შესასწავლად.
დიმიტრი სილაქაძე
No comments:
Post a Comment