სახაზო კრეისერი გებენი |
ერთი საუკუნის წინ დასრულებულმა პირველმა მსოფლიო ომმა საქართველოზე და ქართველებზე დიდი გავლენა მოახდინა. ომში მონაწილეობა 200 000-მდე ქართველმა მიიღო. მათი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ნაწილი დაიჭრა, ზოგმა ტყვეთა ბანაკები მოიარა , ხოლო ზოგი კი გმირობის დამადასტურებელი ორდენებითა და მედლებით დაბრუნდა სამშობლოში. ქართველები ამ ომის ყველა ფრონტზე იყვნენ, იქნებოდა ეს დასავლეთის ფრონტი თუ კავკასიის, აღმოსავლეთისა თუ მესოპოტამიის. ომმა პირდაპირ თუ ირიბად ბოლო მოუღო რამდენიმე იმპერიის არსებობას ევროპის კონტინენტზე და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის კარგი პირობები შექმნა. ამ ყველაფრის გარდა ომმა დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის მოსახლეობას გერმანული მრისხანე სახაზო კრეისერის ,,გებენის" (SMS Goeben) სახელი სამუდამოდ დაამახსოვრებინა. ოსმალური დროშის ქვეშ მცურავი თუმცა სრულიად გერმანული ,,გებენი" უმცროს დასთან, მსუბუქ კრეისერ ,,ბრესლაუსთან" ერთად ომის პირველ წლებში შიშის ზარს სცემდა რუსეთის იმპერიის შავიზღვისპირა ქალაქებს. ეს შიში იმდენად დიდი იყო, რომ მეგრულ ენაში სიტყვა გებენი დამკვიდრდა ძლიერის, გაბედული, დიდის მნიშვნელობით. მაგალითად მეგრული გებენი კოჩიე ქართულად ნიშნავს ძლიერ კაცს. საქართველოში გავრცელდა კაცის სახელი გებენი. შავი ზღვის ამ ურჩხულს უფროსებთან ერთად პატარებიც გვარიანად შეუშინებია და უნერვიულებია. ეროვნულ არქივში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საარქივო ფონდში დაცულია სოხუმელი სკოლის მოსწავლეების მიერ აღწერილი შიში რაც ქალაქს დაეუფლა გერმანული გემების შავ ზღვაში შემოსვლის გამო. როგორც პატარები წერენ, მას შემდეგ რაც სოხუმში გავრცელებულა ცნობა გებენის შავ ზღვაში შემოსვლისა და ბათუმისა და ფოთის დაბომბვის შესახებ, შეშინებული მოსახლეობა ზღვისპირა ქალაქიდან მთის სოფლებში წასულა თავის შესაფარებლად, თუმცა გებენს სოხუმი არ დაუბომბავს. სოფლებიდან უკან დაბრუნებულ დაწყებითი კლასის მოსწავლებს კი 1915 წლის 13 აპრილს სკოლაში დააწერინეს თემა - ,,ხალხის გაქცევა სოხუმიდან." საარქივო საქმეში შემორჩენილია ექვსი მოსწავლის მიერ შესრულებული საშინაო დავალება, რომლის გაცნობაც საუკუნის შემდეგ ჩვენთვის არანაკლებ საინტერესოა ვიდრე მათი მასწავლებლისათვის იყო 1915 წელს.
სოხუმი 1900-იან წლებში. პროსკუდინ-გორსკის ფოტო |
ხალხის გაქცევა სოხუმიდან
25 ოქტომბერს ჩვენ ძლიერ შევშინდით, იმიტომ რომ თათრის გემები გამოჩნდა შავ ზღვაზე. ჯერ მან ესროლა ფოთს და ბათუმს და იქიდან შემოუთვალა რომ გებენი მოდისო და თავს უშველეთო. ჩვენ მაშინვე გავიხიზნეთ მთაში და სინამ არ დაწყნარდა აღარ ჩამოვსულვართ მთიდან. როცა ჩამოვედით მთიდან წავედით სოფელ ქუმათში. იქ დიდხანს ვიყავით და მერმე წამოვედით კატერით ქალაქ სოხუმში. როცა კატერში ვიჟედით ზღვა წახდა და კინაღამ დავიღუპეთ. და როცა ოჩამჩირეს მოუხლოვდით იმის გამეისობით დავბრუნდით ანაკლიისკენ. როცა ანაკლიას მიუახლოვდით მაშინ გატყდა და გაჩერდა. სალდათებმა რომ დაინახეს,წამოვიდნენ და გადაგვარჩინეს სიკვდილს.
ვასო ჩხარიტიშვილი
ერთხელ 25 ოქტომბერს, შავ ზღვაზე გამოჩთა თათრის გემები. როცა გემები გამოჩნდა მაშინ სკოლაში ვიყავი, რომ კაცები მორბოდა. მე ძალიან შევშინდი რაიყო არ მეგონა. მაშინვე გავიქეცი სახლში. სახლში რომ მივედი, მერე ჩვენ გავიქეცით მთაში და იქ ვიყავით სამ დღეს და მეოთხე დღეს დავბრუნდით. იმ დღეს სოხუმში არაფერი არ უქნია, მაგრამ სხვა ქალაქებში კი ისროლა, ბათუმში , ფოთში და სხვა ქალაქებში. იმის შემდეგ ჩვენ წავედით დრანდაში. დრანდაში ვიყავით სამ თვეს, სამი თვის შემდეგ დავბრუნდით სოხუმში.
იოსებ ღლონტი
25 ოქტომბერს ჩვენ ძლიერ შევშინდით, იმიტომ რომ შავი ზღვიდან მოადგა გერმანიის პარახოდი რომელსაც გებენი ერქვა , ეს ხალხმა რომ გაიგო შეეშინდათ და გაიხიზნენ მთა-კლდეებში. ჩვენ მაშინ სოფელ ოდისში ვიყავით გებენი ერქვა, იმან ისროლა ფოთში და ბათუმში.
ნიკო ჩაბრავა
გებენის მიერ ბათუმის დაბომბვა |
25 ოქტომბერს ჩვენ ძლიერ შევშინდით. იმიტომ, რომ ზღვაში გამოჩნდა თათრის გემი ის მოდიოდა აქით რუსის ქალაქის დასამტრევათ. მან ესროლა ჯერ ფოთს და მერმეთ ბათომს. და მერმეთ მოდიოდა აქით. მე ვიყავი ახალი მოსული შკოლიდან. და როცა გვითხრეს ეს ამბავი ჩვენ ძლიერ შეგვეშინათ და გავიხიზნეთ მთა-კლდეებში. იქ ცოტა მოვისვენეთ და მერმეთ წავედით სოფელ ეშერაში. როცა გამოვბრუნდით მოხდა მეორეჯელ გაქცევა მაგრამ ჩვენ არ გავქცეულვართ.
ნინო გაბისონია
25 ოქტომბერს შავ ზღვაში შემოვიდა თათრის მეომარი გემები გებენი და ბრესლავი. ჩვენ ძლიერ შეგვეშინა, რომ შავ ზღვაში შემოვიდა გემები. ამისთვის ჩვენმა ოჯახობამ გავიქეცით პირველათ ბერძნების სოფელში ბურსში. მეორე დღეს ჩვენ გავემგზავრეთ სესთონიაში. იქ ჩვენ ძლიერ დავიტანჯეთ, თითქმის პურსაც ვერ ვშოულობდით. იქ ჩვენ ვიყავით ოც დღემდინ. შემდეგ ცამოვედით ისევ ჩვენ ქალაქში. ნეტავ არ ჩამოვსულიყავით უკეთესი იყო. რომ ჩამოვედით მესამე დღეს ისევ გაქცევა შეიქმნა, მაგრამ მამაჩემი გულმოსული იყო და არსათ არ გაგვიშვა.
აკაკი ქარცივაძე
მსუბუქი კრეისერი ბრესლაუ |
25 ოქტომბერს ჩვენ ძლიერ შევშინდით. იმიტომ შევშინდით რომ თათრის გემი გებენი და ბრესლავა გამოჩნდა შავ ზღვაში. უნდა ესროლა სოხუმისთვის , მაგრამ აღარ ესროლა. ხალხმა რომ ეს დაინახა ძლიერ შევშინდით. მაშვინ საზოგადოებამ გამოცხადა რომ ეშველათ თავისთვის. ბევრი გაიხიზნა მთა-კლდეებში. ზოგი კი სხვა და სხვა სოფლებში. აქ ბევრმა შიში გასწია, მაგრამ ითმენდნენ წვალებას. ჩვენ კი არსად გავქცეულვართ. როცა დაწყნარდა შიში ხალხი ჩამოვიდა მთა-კლდეებიდან. აწი რაიქნება არვიცით.
ვალერიან შათირიშვილი
დიმიტრი სილაქაძე
ამ ბავშვებს რა გადაწერილი აქვთ რაარი ეს.
ReplyDelete