Monday, 31 December 2018

სომხეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაო სადახლოში


საძმო სასაფლაოს სავარაუდო ადგილი სადახლოში
1918 წლის დეკემბერში ორ პატარა რესპუბლიკას, სომხეთსა და საქართველოს შორის გაჩაღებული ომი საკმაოდ სისხლისმღვრელი გამოდგა ორივე სახელმწიფოსათვის. ქართული მხარის  შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე  ომის დასაწყისში, ბამბაკის ხეობაში მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში განცდილი მარცხი გამოდგა. მათ შორის კი გამორჩეულია აირუმის 15 დეკემბრის ტრაგედია, როდესაც საქართველოს რეგულარული ჯარის მე-4 და მე-5 პოლკების სამი ასეული, რომელიც ძირითადად ახალწვეულებით  დაკომპლექტებული და ცუდად  შეიარაღებული იყო, დაზვერვის გარეშე შევიდა სანაინის ხეობაში და სადგურ აირუმთან მოწინააღმდეგის 700 კაციანი რაზმის ჩასაფრებაში მოყვა. 4,5 საათიანი ბრძოლის შემდეგ ქართულმა რაზმმა მოკლულთა სახით 56 კაცი დაკარგა. გადარჩენილები კი (242 კაცი)  საბრძოლო მასალის ამოწურვის შემდეგ ტყვედ ჩაბარდნენ. 
ომის დასრულებიდან ასი წლის შემდეგ ეროვნულ არქივში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს ფონდის მასალების დამუშავების დროს, შემთხვევით გადავაწყდი ერთ დოკუმენტს, სადაც დეტალურადაა აღწერილი ომის დასრულების შემდეგ სადგურ აირუმიდან და მისი მიმდებარე ადგილებიდან მეომართა გადმოსვენებისა და 38 ჯარისკაცის სადახლოს ეკლესიის ეზოში დაკრძალვის ამბავი.


ოქმი
კომისია, ბორჩალოს ფრონტზე დახოცილ ქართველ მეომართათვის საძმო სასაფლაოს მომწყობი, შემდგარი თავმჯდომარის დეკ. ანტონ თოთიბაძის და წევრებისაგან - დეკ. ქრისტეფორე ციცქიშვილისა, კაპიტანის კვარაცხელიასაგან, პრაპორშიკის ჩიხლაძისაგან და პრაპორშიკის ჩხეიძისაგან , შეუდგა დანიშნული მიზნის განხორციელებას სოფელ სადახლოში 13 იანვარს 1919 წლისას; თათბირის შემდეგ გადაწყვიტა სასაფლაოს გამართვა სადახლოს ეკლესიის გალავანში, ეკლესიის აღმოსავლეთით ოთხი არშინის სიშორეზე კედლიდან.


კომისიის თავმჯდომარე და ქართული არმიის მთავარი მღვდელი 1918-1919 წლებში დეკანოზი ანტონ თოთიბაძე
ეს ეკლესია მდებარეობს სადგურიდან 1,1/2-ვერსის მანძილზე, რკინის გზის მარჯვნივ და აშენებულია მელიქიშვილისაგან.  მეომართათვის საფლავის გასათხრელად კომისიამ დააყენა მუშები და თვით კი სანიტარებისა და სხვა მუშათა თანხლებით გაემგზავრა სადგურ - აირუმში, სადაც 15 დეკემბერს 1918 წელს მოხდა თავდასხმა სომხის ჯარების ქართველ  ჯარზე, რომელიც მატარებლით მიეშურებოდა სანაინისაკენ.  
დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში
 სადგურის ცოტა ზემოთ გზის ლიანდაგის ქვემოთ დასაფლავებული იყო, როგორც კომისიას ჰქონდა ცნობები, 19 ჯარისკაცი მეხუთე პოლკისა. საფლავის გათხრის შემდეგ აღმოჩნდა 17 დასაფლავებული ჯარისკაცი, 1 მიცვალებული კი პორუჩიკი ბარნაბიშვილი დეკ. თოთიბაძის დახმარებით ერთი კვირით ადრე წაესვენებიათ თბილისში. ამნაირად ცხრამეტის მაგივრად ამ საფლავში აღმოჩნდა სულ 18 მიცვალებული. მიცვალებულნი იყვნენ ძალიან ზერელედ დასაფლავებულნი, სულ რაღაც 4-6 გოჯის სიღრმეზე მიწის ზედაპირიდან და ძლიერ უხერხული იქმნებოდა მათი ამ მდგომარეობაში დატოვება. მიცვალებულები მათი ამოღების შემდეგ დათვალიერებულ იქმნენ და აღმოაჩნდათ მრავალი ჭრილობანი ტანზე და თავზე, თავი მაინც ყველას ძალიან ჰქონდა დაჭრილი . ყველა მიცვალებული სრულიად შიშველნი იყვნენ. მეორე საფლავი აღმოჩნდა პირველის ზემოთ , დებედა-წყლის მარჯვენა ნაპირზე ; ამ საფლავში იყო, როგორც ხის ჯვრის წარწერა მოწმობდა პეტრე გალაშვილი, იგიც გახდილი , შერჩენოდა მხოლოდ შარვალი და პერანგი. ამის ამოღების და ვაგონში დასვენების შემდეგ მოძებნილ იქმნა მესამე საფლავი აირუმის თავზე მყოფ ვაკეზე. ასავალი ამ ვაკემდის სადგურიდან ფრიად აღმართია და კლდოვანი. მიცვალებულნი იყვნენ დასაფლავებულნი აქაც ზერელედ. ორი მიცვალებული კიდეც სჩანდა და ფრინველებისაგან და ნადირისაგან იყვნენ ნაჭამი. ამ საფლავის მიცვალებულებს აღმოაჩნდათ მრავალი ტყვიის ჭრილობანი, შუბის (ხიშტის) ჭრილობანი და ათში რვას ჰქონდა თვალები ამოჩიჩქნილი შუბისაგან. ყველანი შიშველნი იყვნენ. ესენი ჩამოსვენებულნი იქმნენ სხვა მიცვალებულებთან ერთად სადახლოში 14 იანვარს და მიბარებულ იქმნენ მიწას 15 იანვარს ანდერძის აგებით.  15 იანვარსვე ნაწილი კომისიისა, დეკ. ანტონ თოთიბაძის მეთაურობით გაემგზავრა ახტალის სადგურზე და მოძებნა სამი საფლავი სხვა და სხავ ადგილას. მიცვალებულნი უხეიროდ იყვნენ დასაფლავებულნი. აქედან ჩამოსვენებული იქმნა შვიდი მიცვალებული, რომელთაგანაც ერთი ცნობილ იქმნა ძმისაგან (მიმინოშვილისაგან) და წასვენებულ იქმნა შინ. ამავე დღეს კაპიტანმა კვარცხელიამ მოაძებნინა თავის ხელქვეით ჯარისკაცებს აშაგა-სარალში სამი მიცვალებული; ესენი ტანისამოსიანი აღმოჩნდნენ და არც დასახიჩრებულნი იყვნენ. ეს მიცვალებულებიც გადატანილ იქმნენ სადახლოში. თვით სადახლოს რაიონში მონახულ იქმნა ვენახში დაუმარხავი ერთი მიცვალებული და სადგურის წინ დამარხული მეორე მიცვალებული; ესენიც გადატანილ იქმნენ ეკლესიის გალავანში საძმო სასაფლაოში. ამას გარდა სადახლოს ეკლესიასთან აღმოჩნდა დასაფლავებული ორი ჯარისკაცი. 
  ყველა მიცვალებულნი, 15 იანვარს მოძებნილი, მიებარა მიწას 16 იანვარს ანდერძის აგებით. სულ საძმო სასაფლაოზე დასაფლავებულ იქმნა ორმოც მიცვალებულიდან -38, რადგან ორი, ყანჩაველი და მიმინოშვილი (უფროსი მილიციელი ახტალაში), წასვენებულ იქმნენ ნათესავებისაგან შინ. არც-ერთს მიცვალებულს არ აღმოაჩნდა ტანზე არავითარი საცნობელი ნიშანი, მხოლოდ პეტრე გალაშვილის საფლავზე იყო ჯვარი წარწერით სომხურად და რუსულად ,,პეტრე გალაშვილი". 

დეკ. ანტონ თოთიბაძე
დეკ. ქრ.ციცქიშვილი
შტაბს-კაპიტანი. კვარაცხელია
პრაპორშიკი ჩხეიძე
პრაპორშიკი ჩიხლაძე
1919 წლის 20 იანვარი



კომისიის წევრი დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III (1927-1932)

დოკუმენტის გაცნობისთანავე საძმო სასაფლაოს მოძებნის სურვილი გამიჩნდა. იდეა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის დამფუძნებელს და სამხედრო ისტორიის კარგ მცოდნეს პაატა გიგაურს გავუზიარე.  გადავწყვიტეთ საფლავის მოძებნა. 
დოკუმენტის მიხედვით გვქონდა რამდენიმე მინიშნება თუ როგორ  უნდა მოგვეძებნა საძმო სასაფლაო . 1. სოფელი სადახლო  2. სადახლოს ეკლესია, მეორენაირად მელიქიშვილების აშენებული ეკლესია  3. ეს ეკლესია მდებარეობდა რკინიგზის სადგურიდან 1,5 ვერსში (1,59კმ), რკინიგზის ლიანდაგების მარჯვნივ. 4. საფლავი მოწყობილი იყო , ეკლესიის გალავნის შიგნით. ტაძრის აღმოსავლეთ კედლიდან 4 არშინის (2,84მ) დაშორებით.
 თითქოს ჩვენს წინაშე მარტივი პრობლემა იდგა, უბრალოდ სადახლოში უნდა გვეპოვნა მელიქიშვილების მიერ აშენებული ეკლესია და მის აღმოსავლეთ კედლიდან 2,8 მეტრში საფლავებსაც მივაგნებდით. იმის ილუზია არ გვქონია, რომ საფლავზე რაიმე ობელისკი ან წარწერა იქნებოდა შემორჩენილი, თუმცა ეკლესია შემორჩენილი იყო თუ არა, ისიც  ვერ დავადგინეთ. ამის შემდეგ დავუკავშირდით მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების თანამშრომელს ელგუჯა კუპატაძეს, რომელმაც აღწერა ქვემო ქართლის ისტორიული ძეგლები და ვერც მან ვერ გაიხსენა ეკლესია სოფელ სადახლოში, თუმცა ჩვენთან ერთად წამოსვლა და დახმარება შემოგვთავაზა.
 სადახლოს ბრძოლებიდან ზუსტად ასი წლის შემდეგ 2018 წლის 30 დეკემბერს ათკაციანი ჯგუფი წავედით სადახლოში. სოფელში ჩასვლისთანავე პირველ რიგში რკინიგზის სადგურზე მივედით, რათა იქიდან განგვესაზღვრა ძებნის მიმართულება. სოფლის აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას და მესაზღვრეებს, რომლებიც საქართველო-სომხეთის საზღვარს იცავენ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ სოფელში ეკლესიის , ან მისი ნანგრევების არსებობის შესახებ,  თუმცა გვითხრეს, რომ სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო ძველი ქრისტიანული სასაფლაო. მართალია ამჟამად მხოლოდ რამდენიმე საფლავი იყო სასაფლაოზე, მაგრამ  იცოდნენ , რომ ადრე ბევრი ადამიანი იყო დაკრძალული. ერთ-ერთმა ადგილობრივმა რომელსაც  მესაზღვრემ დაურეკა, ტელეფონზე საუბრისას დაგვიდასტურა, რომ რაღაც ამბავი სმენია სასაფლაოზე დაკრძალული ჯარისკაცების შესახებ , მაგრამ არაფერი იცოდა იქ ოდესღაც ეკლესიის არსებობის შესახებ. გადავწყვიტეთ ყოფილი სასაფლაო გვენახა, რადგანაც ზუსტად იმ დაშორებით  და მიმართულებით მდებარეობდა რკინიგზის სადგურიდან , სადაც სადახლოს ეკლესია უნდა ყოფილიყო.
რუკაზე წითელი ფერით აღნიშნულია სადახლოს რკინიგზის სადგური, ხოლო მწვანე ფერით საძმო სასაფლაოს სავარაუდო ადგილი

  ყოფილი ქრისტიანული სასაფლაოს ტერიტორის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვნახეთ ქვების გროვა, რომლის ნაწილი როგორც ადგილობრივმა მოსახლემ დაგვიდასტურა ცოტა ხნის წინ დაუყრიათ, თუმცა ქვების ერთი ნაწილი მიწაში საკმაოდ ღრმად იყო ჩამჯდარი და ეკლესიის კონტურებიც შეინიშნებოდა. ელგუჯა კუპატაძემ , რომელსაც შესწავლილი აქვს ქვემო ქართლის ისტორიული ძეგლები დაადასტურა, რომ სავარაუდოდ საქმე მართლაც ეკლესიის ნაშთებთან გვქონდა, ამას მიუთითებდა როგორც ნანგრევების მოყვანილობა, ასევე სამშენებლო მასალად გამოყენებული ქვები, რომელიც იდენტურია მიმდებარე სოფლების ეკლესიების შემთხვევაში.  ტაძრის აღმოსავლეთით 2,8 მეტრზე არის მცირე ზომის ბორცვები სადაც შესაძლოა მართლაც იყოს  სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში დაღუპული 38 ჯარისკაცის საძმო სასაფლაო.


ექსპედიციის  წევრთა ნაწილი. მარცხნიდან მარჯვნივ: ნიკოლოზ შაუთიძე, თორნიკე ფანქველაშვილი, სანდრო თარგამაძე, სალომე მაისურაძე, პაატა გიგაური, დიმიტრი სილაქაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, გაგი ნარტყოშვილი


 ამ ეტაპისათვის საკმაო საბუთი გვაქვს იმის სათქმელად, რომ ჩვენს მიერ მიგნებული ადგილი დიდი ალბათობით საძმო სასაფლაო, მაგრამ  საბოლოო სიტყვა მაინც არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უნდა თქვას.

დიმიტრი სილაქაძე

5 comments:

  1. დაღუპულტა სია არსებობს?

    ReplyDelete
    Replies
    1. არა სამწუხაროდ სია არ არის, ვინც ამოიცნე გადაასვენეს და ეს 38 კაცი მანდ დაკრძალეს

      Delete
  2. ამას მიხადვა უნდა სახელმწიფო დონეზე

    ReplyDelete
  3. ძალიან მაგარი პროექტია.

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი საქმისთვის მოგიკიდიათ ხელი. მაგრამ, ეკლესია, სავარაუდოდ სხვაგან უნდა ყოფილიყო -მსხვილმასშტაბიან საბჭოთა დროის რუკაზე არის აღნიშნული ეკლესია, ოღონდ, სადგურიდან ჩრდილო-დასავლეთით, შუაგულ სოფელში. დღეს როგორც ჩანს, აღარ არის ეს ეკლესია, მაგრამ, ის ადგილი თავისუფალი უნდა იყოს. თუ გაინტერესებთ, შეიძლება ფოტოს გამოგზავნა

    ReplyDelete