Tuesday, 12 March 2019

სილიბისტრო ჯიბლაძის ისტორიული სიტყვა - ,,დიადი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულ წლოვანობისა!"

სილიბისტრო ჯიბლაძე (1859-1922)

1919 წლის 12 მარტს , ზუსტად საუკუნის წინ , თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში  გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  მოქალაქეების მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოსდამფუძნებელი კრების პირველი სხდომასხდომას თავმჯდომარეობდა, დამფუძნებელი კრების უხუცესი წევრი, ძველი რევოლუციონერი და დიდი ავტორიტეტის მქონე სოციალ-დემოკრატი სილიბისტრო ჯიბლაძესილვამ, როგორც მას ამხანაგები ეძახდნენ, თბილისის სემინარიაში სწავლის პერიოდშირექტორის პავლე ჩუდეცკის ცემა , სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ არალეგალური საქმიანობა და   ცივ ციმბირში გადასახლებაში ყოფნაც მოასწრო.  1917 წლის თებერვლის რევოლუციის, საქართველოს ეროვნული საბჭოს შექმნის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მას დამფუძნებელი კრების გამხსნელი სიტყვის პატივი მხოლოდ უხუცესობის გამო არ ეკუთვნოდა.   სილვამ მისდამი მინდობილი პატივი სრულად გაამართლა და წარმოთქვა სიტყვა, სადაც კარგადაა გადმოცემული მიმდინარე პოლიტიკური ვითარების, ქვეყნის წარსულისა და მომავლის ხედვა , პოლიტიკური ელიტის ღირებულებები და მისწრაფებები.  
ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული სიტყვა-მიმართვა ვიცით , როგორც მსოფლიო ისტორიიდანაბრაჰამ ლინკოლნის - ,,გეთისბერგის მიმართვამარტინ ლუთერ კინგის- ,,მე მაქვს ოცნებადა .ისე საქართველოს ისტორიიდანდავით აღმაშენებლის - ,,ეჰა, მეომრანო ქრისტესნო"; ზურაბ ჟვანიას - ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" და . . ვფიქრობ, ამ და სხვა მიმართვების რიგში, მიუხედავად მთელი რიგი სხვაობებისა, უნდა ჩავაყენოთ სილიბისტრო ჯიბლაძის ისტორიული სიტყვა პირობითი სათაურით - ,,დიადი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულ წლოვანობისა!"  

სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვა
ბატონებო!
ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესია.
ჩემმა ხნოვანობამ წილათ მარგუნა გახსნა ამ დიადი, ამ ორმაგი დღესასწაულისა.
ბატონებო, დიდო ბატონებო!
დამფუძნებელი კრების წევრნო! უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგიძღვნათ ჩემი გულწრფელი, გულის სიღრმიდან ამოღებული სალამი!
ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ეს დიადი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულ წლოვანობისა!
ნება მომეცით დიდის მოკრძალებით მივესალმო და დაბლა თავი დაუკრა უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს (ტაში).
სალამი დიდს ბრიტანეთს. (ტაში; დეპუტატები ფეხზე ადგომით მიესალმებიან ბრიტანიის წარმომადგენლებს) ამ აკვანს დემოკრატიისას (ტაში).
ნება მიბოძეთ მივესალმო საფრანგეთს, სამშობლოს რევოლუციისას (ტაშ და ოვაცია).
ნება მიბოძეთ მივესალმო, ამერიკის ბუმბერაზ შეერთებულ შტატებს, სიმბოლოს თავისუფლებისას (მხურვალე ტაში და ოვაცია).
პატარა შვეიცარიას, (ტაში და ოვაცია) ამ ყველა დევნილთა მფარველს.
მე მწამს და მჯერა, რომ დიდი და მაღალი კულტურა ამ კულტურულ სახელმწიფოებისა, მოჰფენს თავის ძლევა მოსილს სხივს ჩვენ ნორჩსა და პატარა რესპუბლიკასაც.
გაუმარჯოს რუსეთის ყველა ერებს, რომლებიც განთავისუფლდნენ თვითმპყრობელ მეფის ბრჭყალებისაგან (ტაში).
მივესალმები ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებს, ადერბეიჯანს, (ტაში) სომხეთს(ტაში) და მთიელთა რესპუბლიკას (ტაში) მივესალმები სპარსეთის წარმომადგენელს (ტაში) მივესალმები პოლონეთის ახალი რესპუბლიკის წარმომადგენლებს (ტაში) წარმომადგენელს ლიტვისა და უკრაინისა (ტაში), მივესალმები საბერძნეთს, ისპანიას, ნორვეგიას და ჰოლანდიას, (ტაში).
ახლა ნება მიბოძეთ მხურვალე სალამი მიუძღვნა ჩვენს მთავრობას და მის ბელადს ბატონ ნოე ჟორდანიას (მხურვალე ტაში). მათ ღირსეულათ ატარეს მძიმე ქუდი მონომახისა, რომელიც მათდა უნებურათ დაახურა მათ უჩვეულო მომენტმა.
ვაშა, ვაშა, თქვენ გამჭრიახობას და საქმიანობასა.
ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ნება მიბოძეთ კვლავ თქვენ მოგესალმოთ! კეთილი იყოს თქვენი ფეხის შემოდგმა ამ თეთრ დარბაზში, სადაც, ვინ იცის რამდენი შავი საქმენი გაკეთებულა! ბედნიერი იყოს თქვენი აქ დაბინავება, აქ ამ თქვენ სახლში, რომელსაც სხვები ჰპატრონობდნენ, რომელშიაც ხალხის მტრები ხალხის ხარჯზე ქეიფობდნენ და დროს ატარებდნენ, ხალხის ბორკილებს სჭედნენ და ამაგრებდნენ.
კურთხეულ იყოს საფუძველი იმ ახალი სახელმწიფოებრივი შენობისა, რომლის ასაგებათ თქვენ ბრძანდებით მოწოდებული.
 
დამფუძნებელი კრების სხდომა
მეტად სერიოზულ მომენტში დაგაკისრა თქვენ დროთა ბრუნვამ ეს თქვენი მძიმე მოვალეობა. ჩვენ მოწმენი ვართ, ბატონებო, ისეთი ამბების, მოძრაობის, ცვალებადობისა, რომლის მსგავსი ასეთი ფართო მასშტაბით არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას. მოძრაობაცვალებადობა სულია ცხოვრების, მაგრამ ეს ყველასათვის გასაგები ჭეშმარიტება, წინათ თვით უდიდესი მეცნიერებისთვისაც წარმოუდგენელი და მიუწვდომელი საიდუმლოება იყოფილოსოფოს არისტოტელეს ვერც კი წარმოედგინა სახელმწიფოებრივი ცხოვრება გარეშე მონობის ინსტიტუტისა. ეს ხდებოდა იმიტომ რომ პროცესი განვითარებისა, მოძრაობისა მეტის-მეტათ ნელი ნაბიჯით მიდიოდა. დღეს სხვა სურათი იშლება ჩვენს თვალ წინ. დღეს ისტორია თითქოს გამოერკვა საღათას ძილიდან, ამოიფშვინტა თვალები და პირველათ იხილა თავისი ცოდვები: ის საშინელი, გულშემზარავი სიზანტით და ზმორვით ჩოჩავს და ხოხავს. მან თითქოს იგრძნო მთელი სიმძიმე ამ ცოდვების და აი თავისი წარსულის ასანაზღაურებლათ აუშვა თავისი დაბმული მალი მერანი. ჩვენ ვხედავთ რა თავ-ბრუ დამსხმელი სისწრაფით მიეჩქარება წინ ეს მერანი, და ჩვენ ვხედავთ, რა საშინელ რყევას დანგრევას იწვევს არე-მარეში ეს მოძრაობაინგრევა სახელმწიფოები, ისპობა, თუმცა დრო-მოჭმული, მაგრამ, ჯერ კიდევ ძლევა მოსილი წოდებები, ნაფოტივით იმსხვრევა ტახტები ღვთის მიერ მირონცხებულთა. რომელთა ერთი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყნიერებას. ერთი სიტყვით ცხოვრება ვეღარ ეტევა თავის ტანში, გაფაციცებით კანს იცვლის განახლების-გადახალისების გზაზე დგება. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ახალი კვანძი ისკვნება.
თავის თავათ ისმება საკითხი, რა დავკარგეთ ჩვენ, და რა შევიძინეთ, ჩვენ ამ საერთაშირისო ორომტრიალში. პასუხი მოკლეა: დავკარგეთ ის, რის  დაკარგვა და დამარხვა ყოველთვის შეადგენდა ჩვენი დემოკრატიის საოცნებო საგანს, მის პირველ იდეალს, წყევლა-კრულვით გადუშვით მეფის თვითმპყრობელობა იმ უფსკრულში, რომლის პირამდის მიიყვანა მან მრავალ ტანჯული და წამებული მშრომელი ხალხი. აი, ბატონებო, სიდიადე თებერვლისა და მარტის რევოლიუციების.
ბედნიერი არის ეს ახალი თაობა, რომელმაც მხოლოთ იხილა დამარხვა, მაგრამ თავის ნორჩ სხეულზე არ უგრძვნია საშინელი ბრჭყალები ორთავიან არწივის რეჟიმისა. მაგრამ, ეს ცოტაა, ეს არ კმარაარ კმარა მარტო დანგრევა ძველისა. საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალ, მტკიცე საძირკველის დაფუძნება. და აი აქედან წარმოდგება ჩვენი მეორე იდეალი: სრულ-უფლებიან დამფუძნებელი ყრილობა.
დამფუძნებელი ყრილობა  – ეს გვირგვინია რევოლიუციისა, მის მონაპოვართა გამტკიცებისა. მთელი 9 თვე ატარა რუსეთის დემოკრატიამ იდეა ამ ყრილობისა, ბოლოს დიდი ვაივაგლახით და ტანჯვით წარმოშვა მან ეს ყრილობა. მაგრამ, აქვე გამოაშკარავდა სისუსტე ამ დემოკრატიისა. მან ვერ შეძლო მისი მოვლა პატრონობა, და აი ერთ ცხოველისა არ იყოსდაბადებისთანავე შთანთქა მშობელმა თავის შობილი. ოქტომბრის გადატრიალებამ გადაუშვა ანარქიის მორევში დიდი გემი რევოლიუციისა.
ლოცვა-კურთხევით მოიგონებს მომავალი თაობა, მადლიერი ჩვენს დემოკრატიას და მის მთავრობას, რომელმაც ერთად ერთმა არ დაჰკარგა გონება, არ მიეცა სასოწარკვეთილებასამ საერთო განცდის დროს. დიდი რევოლიუციის, დიდი გემისა, რომელზედაც მთელი 100 განმავლობაში მიკრული იყო მაგარი ჯაჭვით . მხოლოთ მან ერთმა ააცილა ეს ნავი ათასგვარ დაბრკოლებას და კლდეებს, ანარქიის უძირო ზღვაში ამოზიდულთ და მოიყვანა აქ, ამ სამშვიდობოში, ამ დიად ამ ძვირფას განძით, დამფუძნებელი კრებით. ცხადია ეს დიადი საქმე არის შედეგი არა უბრალო, ბრმა, და ბედნეირი შემთხვევის, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, არამედ ჩვენი დემოკრატიის იმ სწორი პოლიტიკური სიბრძნე-სიმწიფისა, რაზედაც ეს ეს იყო მოგახსენებდითარ არის დარგი ისეთი რთული და საიდუმლოებებით მოცული, როგორც პოლიტიკა. და ვაი იმ ხალხს, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ შესწევს გამჭრიახობა ჩაიხედონ ამ საიდუმლოების სიღრმეში და გაიკვლიონ გზა ამ იშვიათ ხელოვნების ლაბირინტში. თვითოეულ ნაბიჯი მრუდეთ გადადგმული ამ სფეროში, შეიძლება გახდეს საბედისწერო  ნაბიჯად მთელი ხალხისათვის.
აბა რა ხეირი დააყარეს, ბატონებო, თავიანთ ხალხს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მხოლოდ სხვა ხალხის დაღუპვაზე, სხვის უბედურებაზე ოცნებობენ. მეორე ცოცხალი მაგალითიას ფიქრობენ და რას ცდილობენ ჩვენი ფეხ-მარდი კომუნისტ-ბოლშევიკები? მთელ ქვეყნიერებაზე და არა მარტო რუსეთის ცხოვრებაში, სოციალიზმის ხელათ განხორციელებაზე და ერთი მუჭა წითელ არმიელების ხიშტებით ვებერთელა რუსეთის გლეხთა ამ უმაღლეს სოციალურ სამეფოში გადატყორცნას.
სულ სხვა გზა აირჩია ჩვენმა დემოკრატიამ. კაცი-ჭამიაობას და მეზობელთა მძულვარებას მან დაუპირისპირა ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპი ერთა სოლიდარობისა და კეთილ-განწყობილებისა, კომუნისტთა დამღუპველ ექსპერიმენტებს, – წინ დახედულება და შორსმჭრეტელობა. ჩვენი სურვილი იყო რუსეთის დემოკრატიასთან ერთად ბრძოლა და ჭირსა და ლხინში მასთან ყოფნა, მასთან სიცოცხლე. მაგრამ მწარე სინამდვილემ გვიმტყუნა, და გაგვიცრუა ეს იმედები. ანარქიის ტალღებმა მოგვწყვიტა მას და ობლათ გაგვრიყა. და როცა ჩვენ ანგარიში გაუწიეთ ამ სინამდვილეს, მაგრათ შემოვიბარეთ, შემოვიბეკნეთ პირველად მთელ ამიერკავკასიის და შემდეგ ჩვენ რესპუბლიკის ფარგლებში. ჩვენმაკეთილის მოსურნეებმადაიწუნეს და დაგმეს ეს ჩვენი ტაქტიკა. შემდეგ როცა ჩვენი და ჩვენი განმარტოებულ რესპუბლიკის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ დაისვა კითხვა ჩვენი ფიზიკური ყოფნა არ ყოფნისა და როცა ჩვენ არყოფნას იმავე ჩვენმაკეთილის მსურველებმაარამც თუ დაგვიწუნეს, არამედ პირდაპირ და მალულად დემოკრატიული პრინციპის ღალატად ჩამოგვართვეს და ასტეხეს საშინელი განგაში: – ქვეყანა იქცევა, ჩვენ თან მივყვებით, თქვენ კი რაღაც საკუთარ არსებობაზე ფორჩიხობთო.
ასეთია, ბატონებო, ბუნება ბუშმენთა მორალისა. როდესაც ამოშიშვლებული ხმლებით თავს გესხმიან, კარგ საქმეს შვრებიან! როცა თავს იცავთ ვერაგული თავდასხმითგან ესცუდზე უცუდესია! დავუტოვოთ ბუშმენებს მათი ბუშმენური მორალი და გავსწიოთ წინ, იმ ჩვენი გზით, რომელმაც არა ერთხელ გამოგვიყვანა გამოუსვლელი ჩიხიდგან, რომელმაც შეგვინარჩუნა ძვირფასი მონაპოვარი რევოლიუციისა.
ბატონებო, დღეს ამ რევოლიუციის, რუსეთის რევოლიუციის 2 წლის თავია. ჩვენი დემოკრატია, მადლიერი დემოკრატია არ დაივიწყებს დიდ ამაგს რუსეთის დემოკრატიისას. მუხლის მოდრეკით მოვიხსენიოთ ამ დემოკრატიის გმირებს, რომელთაც თავი დასდვეს საკაცობრიო სამსხვერპლოზე. 2 წელიწადია რაც მოპოვებულ ჩვენს თავისუფლებას ემუქრებიან ყოველ მხრიდან მოზღვავებული მტრები. სახელი და დიდება ჩვენ ხალხის რჩეულ შვილებს, – სახალხო გვარდია და ახალგაზრდა ჯარს, რომელთაც თავისი თავდადებული მამაცობით შეინარჩუნეს, დაიცვეს, შეგვინახეს და ჩაგაბარეს თქვენ ეს  თავისუფლება (ტაში). აწი, ბატონებო, თქვენს ხელთ არის ბედი ამ ჩვენ ქარცეცხლში გამოტარებული ავლა-დიდებისა. ვერ ვიტყვით, რომ სრულიად უზრუნველი, დაზღვეული იყოს ეს თავისუფლება მოსალოდნელი საშიშროებისაგან, ვინაიდან არ ჩანს დასასრული იმ ქაოსისა, რომლის ალში ჩააგდო მთელი განათლებული კაცობრიობა საშნელმა მსოფლიო ომმა. მაგრამ ერთი რამ კი შეიძლება აქ ითქვას  გადაჭრითხალხი, რომელსაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა, ხალხი რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან  ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინვის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოვებულ თავისუფლებასმაშ გაუმარჯოს საქართველოს თავისუფალ დამოუკიდებელ რესპუბლიკის, თავისუფალ დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას. ერთხელ კიდევ გიძღვნით ჩემს გულწრფელ სალამს და კიდევ გისურვებთ წარმატებას და თავისუფალ მუშაობას




3 comments:

  1. ისე იკითხება თითქოს დღეს დაწერეს,,,,

    ReplyDelete
    Replies
    1. ქალბატონო ან ბატონო <3 მართლა მაგ დღეს დაიწერა ეგ პოსტი.... სიყვარულით ყაზბეგიდან ბიბლიოთეკ გერლს <3

      Delete
  2. ძიძის მაგრა ევასება

    ReplyDelete