საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გასვლიდან ერთი წლის თავზე, 1922 წლის მარტში, პირველი რესპუბლიკის სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონის ესკადრონის მეთაურის, ოფიცერ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით შეფიცულთა პატარა რაზმი ტყეში გავიდა და პარტიზანული ბრძოლა დაიწყო საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლის დაწყებიდან მალევე, ახმეტის ტყეებში მყოფმა ქაქუცამ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა ებრძოლათ მტრის წინააღმდეგ. გთავაზობთ მოწოდების სრულ ტექსტს.
სამშობლოს ერთგულებს
რუსეთის ველური ურდოები შემოესია ასი წლის მონობისგან განთავისუფლებულ საქართველოს და კვლავ ცეცხლით და მახვილით ააოხრა იგი.მოსკოვის აქაური აგენტები გულმოდგინედ იღწვიან , რომ ჩვენი ცხოვრებიდან ძირიანად აღმოფხვრან ყოველივე ნახაზი ეროვნული თავისუფლებისა !
სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებით ციხეებია ავსილი.
ყველა არაკომუნისტი ქართველი კანონს გარეშეა გამოცხადებული თავის სამშობლოში....
ჩვენი ერის ასეთი უკიდურესი მდგომარეობის გამო , საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში ბუნებრივად აღმოცენდა, აქტიური მოქმედების რაზმები, ბევრგან უკვე სისხლი დაიღვარა .....
საქართველოს მტრებმა ამაზე ქალებისა და ძუძუმწოვარა ბავშვების დატუსაღებით უპასუხეს.
ასეთი უმსგავსო რეპრესიები კიდევ მრავალ ახალ ძალებს გამოიწვევს ბრძოლისათვის.
საქართველოს შვილნო ! ჩვენი მტრები შეეცდებიან ჩვენი მოქმედების გაშავებას და სახელის გატეხას: ისინი ჩვენ ბრძოლას ბანდიტიზმად და ავანტიურად მონათლავენ.
მაგრამ ... თქვენ ხართ და დარჩებით პირუთვნელი მოწმე ჩვენი მოღვაწეობისა. თქვენ ხედავთ და მუდამ გეცოდინებათ, თუ რას ემსახურებიან და რისთვის იღწვიან კახეთის რაზმები, რომელთაც მე ვხელმძღვანელობ; არავითარი პირადული, არავითარი ჯგუფური, წოდებრივი, ან პარტიული მიზანი და მისწრაფება.
საქართველოს დახსნა ეროვნული მონობის უღლისაგან და ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენა , აი ერთადერთი მიზანი რომელსაც ემსახურება ჩვენი რაზმები, და რომელიც ჩვენივე სისხლით აღბეჭდილია ჩვენ სამფეროვან დროშაზე.
ამ იდეას იზიარებს დღეს მთელი საქართველო და ერი, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აკაჟებდა თავის ეროვნულ გრძნობებს, არასოდეს არ მოიხრის ქედს მონობის უღელ ქვეშ.
სამშობლოს ერთგულნო ! საქართველოს მტრების განკითხვის დღე მოახლოებულია, მათ აიმხედრეს თავის წინააღმდეგ მთელი კულტურული კაცობრიობა.
ვიყვნეთ მხნე, მტკიცე და გაბედულნი.
სალამი თქვენ და გამარჯვება საქართველოს !
აპრილი 1922 წელი
კახეთი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი
No comments:
Post a Comment