Saturday, 29 February 2020

რატომ წავაგეთ 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი?



1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო, ხოლო მარტის მეორე ნახევარში კი ქვეყანა სრულად დაიპყრო. საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათი წელს გაგრძელდა. თუმცა, საქართველოს სუვერენიტეტი მარტივად არ დაუთმია - ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო ოპერაცია უძღოდა. თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საქართველო დამარცხდა.

რა იყო ფაქტორები, რის გამოც ქართულმა მხარემ მარცხი იწვნია?

არსებობდა ფაქტორები, რომელიც წინასწარ გვისპობდა საშუალებას, სრულყოფილად გამოგვეყენებინა ადამიანური რესურსი. სამხედრო სამინისტროს 150 000-მდე კაცი ჰყავდა თავის სამობილიზაციო სიებში, მაგრამ მათი სანახევროდ მობილიზაციაც ვერ ხერხდებოდა, იარაღის, საბრძოლო მასალების ნაკლებობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ხმარდებოდა, ეს თანხა არ იყო საკმარისი თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში სანახევროდ მობილიზებულიყო ჯარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგე იმ ძალებით, რა ძალებითაც საქართველოში შემოვიდა , საქართველოში შემოჭრაზე არ იფიქრებდა, ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე, რა იქნებოდა მომავალში, სხვა საკითხია.
ისმის კითხვა, ამ მძიმე პირობების მიუხედავად, გვქონდა თუ არა რაიმე ტიპის შანსი თებერვალ-მარტში გადავრჩენილიყავით და რატომ წავაგეთ კონკრეტული ომი?
იყო ბევრი მიზეზი, თუმცა ყველა მიზეზი ერთის ირგვლივ იყრიდა თავს და ძალას იკრებდა.


წავაგეთ იმიტომ რომ მოწინააღმდეგე რიცხობრივად ბევრად აღგვემატებოდა? - არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. კავალერიის გარდა, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, მაგრამ არა მთავარი. მოწინააღმდეგის ძალები ყველა ფრონტზე ერთად ომის განმავლობაში 50 000 ადამიანამდე ადიოდა, ხოლო ჩვენი - 40 000-მდე.
იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს კავკასიაში დიდი რეზერვები გააჩნდა? - არა, ასე არ იყო და არც პერსპექტივა ჰქონდათ ჯარის გადმოსროლის, ეს ვიცით რუსულივე დოკუმენტებიდან. კავკასიის სხვა ნაწილებში მყოფი ჯარი კი დაკავებული იყო სომხეთსა და დაღესტანში განმათავისუფლებელი ბრძოლის ჩახშობით.
იმიტომ, რომ მოწინააღმდეგემ რამდენიმე ფრონტზე შემოგვიტია? - ეს გვიქმნიდა დისკომფორტს და ამ მიმართულებებზე ჩვენი მხრიდან ძალების გარკვეულ ნაწილის გადასროლას მოითხოვდა. მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის გარდა ყველა მიმართულება იყო დამხმარე და ომის ბედი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე წყდებოდა, ამას ამბობდა თავად კავკასიის ფრონტისა და 11 არმიის სარდლობა.
რატომ წავაგეთ ომი, იმიტომ რომ ჩვენ საბრძოლო მასალები გვაკლდა და მოწინააღმდეგე კი ამ მხრივ ბევრად უკეთეს პირობებში იყო? - ნაწილობრივ, მაგრამ მოწინააღმდეგის არტილერიაც ვერ ისროდა თავდაუზოგავად. ჩვენ რომ იარაღის და საბრძოლო მასალების პრობლემა არ გქონოდა, მაშინ მოწინააღმდეგე ვერ გარისკავდა იმ ძალებით შემოტევას.
მორალური განწყობა? შეიძლება, თუმცა ეს ორივე არმიაში არაერთგვაროვანი და ცვალებადი იყო და ნაკლები როლი ითამაშა.
საგარეო ფაქტორი? - მნიშვნელოვანი იყო. საქართველო რუსეთთან თითქმის ერთი-ერთზე იყო დარჩენილი. ფრანგული ფლოტი აფხაზეთის ფრონტზე გვეხმარებოდა, მაგრამ სხვა მხრივ საქმე რთულად იყო. მართალია რუსეთთან ერთ-ერთზე დარჩენა დამღუპველი ფაქტორი იყო, მაგრამ გასათვალისიწნებელია ის, რომ იმ ეტაპზე მათ ჩვენ წინააღმდეგ თავისი ძალების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენება შეეძლოთ.
მაშ რა იყო მთავარი? - ინიციატივა, რომელიც რუსულმა არმიამ ომის პირველი ეტაპიდან ჩაიგდო ხელში და ომის ბოლომდე არ გაუშვია. ინიციატივა რომლის ხელში აღება და შენარჩუნება ჯერ კიდევ 1920 წლის დეკემბერში უმთავრეს ფაქტორად მიაჩნდა მე-11 არმიის სარდალს, ჰეკერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იყო დარწმუნებული გამარჯვებაში. სწორედ ეს ინიციატივა ჩაიგდო ხელში 11-16 თებერვლის ბრძოლებშივე მე-11 არმიამ და ომის მიმდინარეობას თავად გვკარნახობდა. ამის წყალობით ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთზე, საჭირო დროს ახერხებდნენ მინიმუმ ორმაგი რაოდენობრივი უპირატესობის მოპოვებას.
გვქონდა კი ინიციატივის ჩვენ ხელში გადმოყვანის შანსი? ალბათ ორჯერ:
ერთხელ - 19-22 თებერვლის წარმატებული ბრძოლების შემდეგ, როდესაც მოწინააღმდეგემ საკმაო ზარალი განიცადა და დაიბნა, მაგრამ უპირატესობის ხელში ჩასაგდებად და ინიციატივის ასაღებად რეზერვები არ გაგვაჩნდა, ის ძალა, რაც ომის საწყის ეტაპზე დავკარგეთ. ომამადე და პირველ ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამო.
მეორედ შედარებით ნაკლებად, როდესაც კვინიტაძემ სცადა მოწინააღმდეგის ავანგარდის განადგურება ოსიაურთან, მაგრამ თბილისთან გმირულად ნაბრძოლმა გვარდიამ კოორდინირებულად ვერ იმოქმედა.
შეიძლება ვთქვათ, რომ ომის ბედი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ წყდებოდა, მაგრამ ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომის ამ ფაზის ბედი სწორედ თებერვალ-მარტში, ბრძოლის ველზე წყდებოდა. როდის იქნებოდა შემდეგი შემოტევა, რამდენად ადრე ან გვიან ეგ მხოლოდ მკითხაობის საგანი თუ იქნება.

შეცდომები, რაც ჩვენ ომისათვის მზადების პროცესსა და საწყის ეტაპზე დავუშვით რამაც მოწინააღმდეგეს ხელში ინიციატივა ჩააგდებინა:

ომის წინ, 1920 წლის დეკემბერში ჩვენმა დაზვერვამ ხელში ჩაიგდო მე-11 არმიის სარდლის გეგმა, ამ გეგმის გაანალიზების შედეგად ჩვენმა სარდლობამ ჩათვალა რომ მოწინააღმდეგე აპრილამდე ვერ შემოგვიტევდა. იყო ამაში ლოგიკა, ომის დასაწყებად რა ძალასაც ითხოვდა მე-11 არმიის სარდალი ჰეკერი ის ძალა ვერ ეყოლელობოდა უკეთეს შემთხვევაში აპრილამდე მაინც. სწორედ ქართული გენერალიტეტის ამ გათვლის საფუძველზე აიგო თავდაცვის გეგმა . 1921 წლის იანვარში, მოხდა ჯარის ნაწილობრივი დემობილიზაცია, სახლში გაუშვეს ის ჯარისკაცები, რომელთაც სამხედრო სამსახურის ვადა უკვე ერთი წელია ამოსწურვოდათ და ისედაც დეზერტირობდნენ. საერთოდ კი, ფინანსური პრობლემების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის მესამედი ჯარს ხმარდებოდა, თვეების მანძილზე ჯარი მობილიზებული ვერ იქნებოდა. ამის ნაცვლად, 6-15 თებერვალს ახალწვეულების გაწვევა დაიგეგმა, რომლებიც 6 კვირიანი წვრთნის შემდეგ მწყობრში იქნებოდნენ.
შეცდომა იქნა დაშვებული საკადრო პოლიტიკაში. მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი ილია ოდიშელიძე, ძალიან გამოცდილი გენერალი, მაგრამ ამავდროულად ყოველგვარ სარდლურ ქარიზმას და შინაგან ძალას მოკლებული, იოლად ექცეოდა პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ. ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფორნტის სარდლად მან გენერალი იოსებ გედევანიშვილი დანიშნა, გამოუცდელი სამხედრო. იოსები 1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვაში მონაწილეობის გამო ჯარიდან გააგდეს და მხოლოდ 1917-ში დაბრუნდა. იყო ძალიან აქტიური, მაგრამ ამავდროულად გამოუცდელი ასეთი პასუხისმგებლობისთვის.
ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში ჩაყენებული ჯარი სარდლობის ბრძანებით, ხოლო ამ სარდლების თქმით პოლიტიკოსების ჩარევით დაფანტული და ცუდად მომზადებული იყო, მათ შორის მტყუან-მართლის ძიება ამ პოსტში არაა მნიშვნელოვანი.
1921 წლის თებერვალში მე-11 რუსული არმიის სარდალმა, მიუხედავად იმისა, რომ არ ყავდა ის ძალები რასაც დეკემბერში ითხოვდა გადაწყვიტა გაერისკა და 11-12 თებერვალს ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ზოლში დაფანტულ ქართულ ჯარს თავს დაესხა.
ოფიციალური ვერსიით, ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა, სინამდვილეში კი მე-11 არმიის ნაწილებმა დაარტყეს იქ მდგომ ქართულ ჯარს, ადგილობრივ დივერსანტებთან ერთად, რომლებიც უკვე კარგა ხნის განმავლობაში იწვრთნებოდნენ.
რატომ გარისკა რუსულმა სარდლობამ? რატომ არ დაელოდნენ კიდევ უფრო გაძლიერებას? - იმიტომ, რომ ვერ ახერხებდნენ აქეთ ახალი ძალების გადმოსროლას აპრილისთვის, ამ დროს კი საქართველო დე-იურედ აღიარეს, ფრანგები კი იარაღის გამოგზავნას იწყებდნენ. ბორჩალოს მაზრაში ქართული ჯარი თუ გაიმარჯვებდა, ამას რუსები ისე მონათლავდნენ სომხეთ-საქართველოს ომად, როგორც 20 წლის ავანტიურა და მარცხი მონათლეს აზერბაიჯან-საქართველოს ომად. ხოლო თუ საქმე კარგად წაუვიდოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. ანუ წაუგებელ თამაშს თამაშობდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ 6-15 თებერვალს ახალწვეულების გაწვევის გამო საქართველოს რკინიგზა გადატვირთული იქნებოდა და ეს ხელს შეუშლიდა რეზერვის მობილიზებას.
რუსული არმიის ძირითადი ძალა აზერბაიჯანის მხარეს, წითელი და ფოილოს ხიდის რაიონში იყო თავმოყრილი და თუ მათთვის ყველაფერი კარგად განვითარდებოდა, იქიდან აპირებდა შეტევას.
ასეც მოხდა. სომხეთის მიმართულებაზე მდგომი ჯარის საკმაო ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ქართულმა სარდლობამ ვერ ამოიცნო მთავარი დარტყმის მიმართულება და დამატებითი ძალები თითქმის სრულად სომხეთის მიმართულებაზე გადაისროლა, რამაც მოაშიშვლა აზერბაიჯანის მიმართულება. 16 თებერვალს კი მოწინააღმდეგემ ამ მხრიდან უბრალოდ შემოისეირნა და რაც მთავარია, სომხეთის მხარეს მიმართული ჩვენი ჯარების ზურგში მოექცა.
ამ ყველაფრის შედეგი კი ის იყო, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების ნახევარზე მეტი ტყვედ ჩავარდა, ზოგი დაიღუპა, ზოგი დაიფანტა, ზოგიც დაიჭრა და 17-18 თებერვლიდან კვინიტაძეს თბილისის თავდაცვის მოწყობა თითქმის თავიდან, ახალი ჯარით მოუწია. 19-22 თებერვალს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ კი ინიციატივის ხელში ასაღებად სწორედ ის ძალა დააკლდა, რაც ომის დასაწყისში განადგურდა.

დიმიტრი სილაქაძე

No comments:

Post a Comment